ისმაელ კადარეს- ,, გახლეჩილი აპრილი”
მოკლე აღწერა
,,ადამიანი მიჩვეულია შაბლონებით აზროვნებას.ჩვენ თვითონ სიმარტივისთვის ვქმნით შაბლონებს და მერე ისე ვეპყრობით ,თითქოს ღვთით დაწესებული კანონი იყოს.რა მოეთხოვება კაცს? ან ვისგან მოეთხოვება? კაცი იმას აკეთებს, რაზედაც სინდისი გაწვდება. სინდისს კი ყველა საკუთარი მტკაველით ზომავს." ჯემალ ქარჩხაძე
ორი სამყარო... ორი განსხვავებული თვალით დანახული რეალობა! ორი განსხვავებული გონებით შეფასებული სიცოცხლე!..
ინდუსტრიული რევოლუციის, ტექნოლოგიური რევოლუციისა და მოსალოდნელი კომპიუტერული რევოლუციის ფონზე, ადამიანის არსებობის უფლება ტრადიციების ძველ ღირსებას უნდა შეეწიროს მაშინ, როცა პარალელურ სამყაროში ადამიანი ევროპული იდენტობისაკენ მიისწრაფვის და არკვევს, არა მარტო კომერციის დონეზე რას როგორ აკეთებს, არამედ საკუთარ თავში სიღმისეულად ეძებს კითხვებზე პასუხებს - ვინ არის და რისთვის მოვიდა.
,,გახლეჩილი აპრილი“ მარტივად დაწერილი რთულად წასაკითხი ნაწარმოებია, რომელშიც ავტორი ყოველგვარი პათეტიკის გარეშე გვთავაზობს ცოდნით გაჯერებული ფრთხილი ნაბიჯების რეალობასთან კარგად სინთეზის საუკეთესო შევდევრს, რაც ქართველ მკითხველს, ერთის მხრივ კარგად ნაცნობ და მეორეს მხრივ, მძიმედ აღსაქმელ, დრომოჭმული ტრადიციების დემონური სახის ნათლად წარმოდგენის საშუალებას აძლევს.
ისმაილ კადარე ნამდვილად არის ის მწერალი, რომელსაც კარგად ესმის თავისი შემოქმედების თემატური სიმძიმე და ამასთანავე, ახერხებს ამ თემების ისე გადმოცემას, რომ მის სუბიექტურ განცდებში რეალური სურათი არ დაიკარგოს.
ალბანელი მწერლის თხრობის უნიკალური მანერა უყურადღებოდ არ დარჩენილა არც ლიტერატურული პრემიების კუთხით და არც მკითხველის რაოდენობის მხრივ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ლიტერატურული პრემიებიდან აღსანიშნავია 2005 წლის ბუკერის საერთაშორისო პრემია, სადაც კადარე წარდგენილი იყო ისეთი ძლიერი მწერლების გვერდით, როგორებიც არიან: მილან კუნდერა, გ. მარკესი, ჯონ აპდაიკი, ფილიპ როთი და სხვ. მიუხედავად მძიმე კონკურენციისა, მან სრულიად სამართლიანად მიიღო აღნიშნული ჯილდო, რომელსაც მომდევნო წლებში პრინც ასტურიელის და იერუსალიმის პრემიები მოჰყვა.
ნაწარმოების შესრულების სპეციფიკიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, მწერალს არ შეშლია და თავიდანვე უარი თქვა მენტალურ გალიაში გამომწყვდეული ''სიკვდილმისჯილი'' ადამიანის თავზარდამცემი განცდების ბოლომდე გაშიშვლების მცდელობის ამბიციაზე, რომელიც, სხვა შემთხვევაში, ავტორის მხრიდან სულ მცირე, საკუთარი ემპათიის უნარისა და ანალიტიკური აზროვნების გადაჭარბებული რწმენა იქნებოდა. არა მგონია, სიკვდილის მექანიზმის ფსიქოლოგიური ფაქტორების გადმოცემა ვინმემ შეეძლოს ისე, რომ მკითხველის გონებაში დაეჭვება არ გამოიწვიოს, როდესაც ვერც ერთი პროფესიის კარგად ცოდნა ვერ უზრუნველყოფს იმ ჯოჯოხეთური დუღილის გააზრების შესაძლებლობას, რომელშიც ,,სიკვდილმისჯლი” ადამიანის განცდები იხარშება!
სულიერი სიმშვიდე დამბაჩის ლულის გამოყენებას რომ უკავშირდება და სიცოცხლე მხოლოდ მოსალოდნელი სიკვდლით რომ არის გამართლებული, სწორედ ასეთი წარმოდგენების მქონე ადამიანებმა დაწერეს რამდენიმე ათეული საუკუნის წინ ალბანური კანუნი, რომელიც იმ საშინელი ტრადიციების კომპლექტს წარმოადგენდა, რომელმაც ათასობით ადამიანის ეგზალიტარული განწყობების გამო ასევე ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ბერიშებისა და კრიუეჩუჩების ოჯახების სამოცდაათწლიანი დანასისხლად ყოფნის ამბის დასაწერად საკმარისი გამოდგა კაფეში კრიუეცუჩების ოჯახის ერთ-ერთი წევრის მიმართ უცნობი ადამიანის მხრიდან განხორციელებული შეურაცხყოფა, ასევე უცნობი ქალის თანდასწრებით. ოცდაექვსი წლის ჯორჯ ბერიშას იმის საშუალება რომ ჰქონოდა, მისი ცნობიერებიდან ვინმე უკვალოდ გაექრო, ალბათ დაუფიქრებლად აირჩევდა იმ ადამიანს, ვინც სამოცდაათი წლის წინ კაფეში კრიუეცუჩების ოჯახის ერთ-ერთ წევრს შეურაცხყოფა მიაყენა და გარკვეული პერიოდის შემდეგ მათი ოჯახის საპატიო სტუმარიც აღმოჩნდა. სწორედ ამ სტუმრის მიმართ, ერთ დროს კარგად დამახსოვრებულმა შურისძიებამ, ორმოცდაოთხი ადამიანის საბედისწერო განაჩენი განაპირობა.
ზეგანზე მცხოვრები ხალხის ცნობიერებაში სტუმრის ნახევრად ღვთაებრივი ბუნება იმდენად მაღალ ხარისხში იყო აყვანილი, რომ მთიელის სახლში სულ ოჯახის წევრის მკვლელიც რომ აღმოჩენილიყო სტუმრად, მასპინძელს მასპინძლის ვალი მაინც მშვიდად უნდა მოეხადა მხოლოდ იმიტომ, რომ რამდენიმე ათეული საუკუნის წინ ასე ჩათვალეს ,,საჭიროდ..."
თითქმის ყველა მთიელი ოჯახის მსგავსად, ბერიშების ოჯახსაც არ ჰქონდა განსხვავებული წარმოდგენა სტუმრის ''ღვთაებრივ'' ბუნებაზე, რომლიც მის უპირობო სიწმინდეს გულისხმობდა და ღრმად სჯეროდათ, რომ სანამ მასპინძლის სახლი მათი გახდებოდა იქამდე სტუმრისა და ღმერთის საცხოვრებელი იყო. ხოლო ვენდეტას მძლავრ მარწუხებში ახალგაზრდა ჯორჯის აპრილის მოქცევა სწორედ ამ უშინაარსო წარმოდგენებმა განაპირობა. როდესაც მთიელს საკუთარი მამის ან შვილის სისხლის აღებაზე უარის თქმა შეეძლო , მაგრამ სტუმრის სისხლის აღებაზე ვერასდროს იტყოდა უარს. ბუნებრივია, მოკლული სტუმრის გამო ბერიშების შურისძიების გრძელ მავთულხლართებს კრიუეჩუჩების ოჯახიც ვერ აცდებოდა.
ახალგაზრდა ჯორჯის ყველაზე დიდი სასჯელი ბერიშების გვარის ტარება იყო, რის გამოც ზეფ კრიუეჩუჩას ესროლა, რათა ძმის სისხლის აეღო და იმ ზეწოლისგან სამუდამოდ განთავისუფლებულიყო, რომელიც შორეული წარსულიდან აწმყოში ძლიერად ჩაბერილი ჰაერის მთიელთა ყოველი ამოსუნთქვით ხორციელდებოდა...
ახალგაზრდა კაცისგან განსხვავებით, ზეგანის მთები საუკუნეების მანძილზე ბევრად უფრო მძიმე დანაშაულს ატარებდა, ვიდრე ტრადიციების რწმენის სახელით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა იყო. კანუნის შემქმნელებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ მათი დემონური წესების სრულყოფისთვის მხოლოდ სისხლის დრამა ვერ იქნებოდა საკმარისი და გამოიგონეს ისეთი რთულად შესასრულებელი წესები, რომლებიც ადამიანის პიროვნებას ბზარს გაუჩენდა. ის, ვინც თავისი მხვერპლის დაკრძალვაზე წავიდოდა და გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდზე ჭირისუფალთა გვერდით გარკვეული წესების დაცვით კანუნით განსაზღვრულ კერძებსაც მიირთმევდა, ავტომატურად ხდებოდა შორეულ წარსულში დაწერილი მკვლელი ტრადიციების უკრიტიკოდ გადამწერი და საკუთარ თავში ინდივიდის ქრობის შემოქმედი. ცხადია, შეშინებულ, საკუთარ თავთან დაეჭვებულ ადამიანთა გონების არევა უფრო მარტივი იქნებოდა, ვიდრე სტერეოტიპული აზროვნებისგან შორს მდგომი დანაშაულის გრძნობის არმქონე ინდივიდების მორჩილება.
კანონის აღმსრულებელს ანუ ოცდაექვსი წლის ჯორჯს, არა მარტო გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობა და პიროვნული თავისუფლების ქონის უფლება წაართვეს, არამედ მოკლულის დაკრძალვაზე წასვლა და კანუნის აბსურდული წესების სრულად შესრულებაც მოსთხოვეს. ვინ დათვლის იმ გაურკვეველ ფიქრებს, ტრაგედიიდან გადაკარგვის შორეულ სურვილებსა და შესაძლო იმედგაცრუების აუტანელ შიშებს, რომელიც მას მოკლულის საფლავთან დგომისას ასე დაუსრულებლად სტანჯავდა?! თუმცა გადაწყვეტილება ისევ წინა თაობების მსგავსი იყო, რადგან, ბუნებრივია, ზეგანზე გაზრდილი კაცი მარტივად ვერ შეძლებდა ლაფში ამოესვარა თავისი ახალი სიცოცხლისუნარიანობით ტრადიციების ძველი ისტორია!..
მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, ის ერთადერთი, ვინც ზეფ კრიუეჩუჩას დაკრძალვაზე მიცვალებულს ნამდვილად მთელი არსებით ჰგავდა, ჯორჯ ბერიშა იყო.
სავსებით შესაძლებელი იყო მკვლელობიდან ოცდაოთხი საათის გასვლის შემდეგ თვითონ აღმოჩენილიყო საკუთარ ოჯახში დატრიალებული გლოვის მიზეზი, მაგრამ ჯორჯს გაუმართლა და კრიუეჩუჩების ოჯახიდან ოცდაათდღიანი ბესა მიიღო,
რომელიც ერთი თვის მანძილზე მის ხელშეუხებლობას ნიშნავდა. ,,იქ, შარაგზის ძირას ნასროლმა ტყვიამ უეცრად გაუხლიჩა ცხოვრება ორ ნაწილად: ერთ მხარეს იქამდე ოცდაექვსი წელიწადი იყო, მეორე მხარეს კი ის ოცდაათი დღე, რომელიც იმ დღეს, 17 მარტს იწყებოდა და 17 აპრილს მთავრდებოდა. შემდეგ ღამურას ყოფა დაიწყებოდა, რომელიც უკვე ცხოვრებადაც აღარ ღირდა.“ ცხოვრებაში ერთხელ მაინც თუ არ ჩაგიხედავს სიკვდილისთვის თვალებში და არ იცი რა საშინელი გრძნობაა მასთან ახლოს დგომა, ალბათ ვერასდროს გაუგებ იმ პერსონაჟს, ვისი სიცოცხლის ხანგრძლივობაც სადღაც, მისგან დამოუკიდებლად, რამდენიმე საუკუნის წინ გადაწყდა!..
ბესას დასრულების შემდეგ ჯორჯს ორი არჩევანი ჰქონდა, მაგრამ არც ერთი სახარბიელო: ან შიშისკანკალით უნდა მოეცადა როდის შემოუთვლიდა ზეფ კრიუეჩუჩა მოკითხვას, ან კიდევ მარტივად მიუალ კულასთვით თავს შეეფარებინა და თავის ახალგაზრდობასთან ერთად თვალის ჩინის არქონასაც უიმედოდ შეგუებოდა. ეს ის შემთხვევა იყო, როცა არჩევანს არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინაიდან ახალგაზრდა კაცს ვერც ერთი გზა იხსნიდა იმ თავზარდამცემი შიშის გარემოცვისგან, რომელიც ყველა ბუჩქის უკან სიკვდილის სახით იმალებოდა. ის ერთადერთი, რაც სიკვდილსა და სიბრმავეს განაშორებდა - მოხეტიალე შეშის მჭრელობა იყო, რომლის დადებით და უარყოფით მხარეებზე იქამდეც ეფიქრა და დიდად სასიამოვნო განცდას არ ჰგვრიდა დუნე ცხოვრების სხვა და სხვა ქალაქებში გადაგორების იდეა ასევე დუნე სიცოცხლის შენარჩუნების თაობაზე. სარდაფის გისოსებიან შესასვლელებთან ხელმოცარულს, მხოლოდ საკუთარი თავის იმედად შეშის ჩეხვა რომ შესძლებოდა და სიცოცხლე გაეხანგრძლივებინა, ამისათვის მისი მშობლიური ადგილი უნდა დაეტოვებინა და ათასგზის ანტაგონისტური ეჭვების გადალახვის შემდეგ პასუხისმგებლობის იმ ხარისხისთვის მიეღწია, რომელშიც სამყაროს ერთ სიბრტყეში ხედვა აღარ იქნებოდა საჭირო. თუ იუნგს დავუჯერებთ, ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე რთულად მისაღწევი პროცესი არაცნობიერიდან ცნობიერის ამოსვლის მდგომარეობაა, რაც ხშირად ადამიანისგან ძალიან დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. ჯორჯის შემთხვევაში კი სიცოცხლის ოცდაათდღიანი ხელშეუხებლობა და ნახევრად მოღვენთილი ენერგია რომ არ გამოდგებოდა საუკუნეების მანძილზე უკრიტიკოდ ნაშენებ არაცნობიერში ბრმად ჩაკირული ადათების სამფლობელოში - იმთავითვე ნათელი იყო, ვინაიდან მისთვის სულ რომ ერთწლიანი ბესა მიეცათ, არა მგონია იგივე სიმარტივით იქამდე უცხო მდგომარეობის მოპოვება და სამყაროს აღქმა საფლავებს მიღმა ამ დროში უპრობლემოდ მოესწრო!...
ის შინაგანი სატანჯველი, რომელიც პირველი გასროლიდან ახალგაზრდა კაცს მოსვენებას არ აძლევდა სიცოცხლის გახანგრძლივების მიზნით ეგოს გამოძახილი კი არ იყო, არამედ ის კაცის კვლას ვერაფრით ეგუებოდა, რადგან ჯორჯი ნამდვილად არ ეკუთვნოდა მთიელთა იმ ნაწილს, ვისი აზრებიც გამქრალი თაობებისგან მომავალ ბრძანებით იმართებოდა. როდესაც საგულდაგულოდ შენახული გარდაცვლილის სისხლიანი პერანგი გაყვითლებას დაიწყებდა, ყველაფრის გადადება შეიძლებოდა გარდა სისხლის აღებისა, რადგან ეს სიყვითლე დაგვიანებული შურისძიების გადაულახავი სირცხვლის მომასწავებელი იყო. ერთი შეხედვით, ახალგაზრდა ვაჟს მამა კი აგულიანებდა თავისუფალი ნების ქონის არსებობაში, მაგრამ როგორ უნდა დაეჯერებინა თავად მას იმ კაცისა, ვინც დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უფლებას მხოლოდ იმიტომ აძლევდა, რომ ისევ მისთვის სასურველი არჩევანი გაეკეთებინა?!
ჯორჯის ოჯახს განათლება და ემოციური ინტელექტი არ დასჭირვებია იმის გასააზრებლად, რომ დაუფარავ იძულებას ვერ ექნებოდა ისეთივე “წარმატებული“ შედეგი, როგორიც ღირსეული კაცის სახელს ამოფარებულ ბრმა ზეწოლას შეიძლებოდა მიეცა! ფორმალურად, თუმცა მისი გადასაწყვეტი იყო, კაცად დარჩებოდა თუ კიდევ უფრო გაიშავებდა ისედაც მოსვრილ სახეს...
როგორც ფროიდი იტყოდა: ,,იყო ბოლომდე გულწრფელი საკუთარ თავთან ძალიან რთულია და მხოლოდ ძლიერებს გამოსდით.” ჰოდა, ეს პერსონაჟი ნამდვილად იყო ძლიერი კი არა, ძალიან ძლიერიც კი! შეიძლება ვიღაც სისხლის აღების მთელი წესების შესრულები გამო ამ პერსონაჟის პიროვნულ სიძლიერეში შემომედავოს, მაგრამ მე მაინც ბოლომდე ვიქნები დარწმუნებული იმაში, რომ ჯორჯის წესების მორჩილება ტრადიციების ბრმად სიყვარული კი არ იყო, არამედ მას ოჯახის ღალატი არ შეეძლო! თუნდაც ერთი ადამიანის მხარდაჭერა რომ ჰქონოდა, ღრმად მჯერა, შეძლებდა მთელი ზეგანის წინააღმდეგ ღირსეულად გალაშქრებას! არ არის მარტივი საკუთარი სიკვდილის დღეს ხელი მოაწერო ისე ,რომ აცნობიერებდე შენს ტრაგიკულ მომავალს! კიდევ უფრო რთული მგონია სიცოცხლის ბოლო დღეს იქამდე უცნობ გრძნობაში საკუთარ თავს გამოუტყდე და თან ისე, რომ იმედიც მისცე სიყვარულს! ჩემში ყოველთვის აღტაცებას იწვევენ ის ადამიანები, ვისაც არ სჭირდება წლებით დახუნძლული გამოცდილება ან გარანტირებულული მომავალი ბედნიერების შესაგრძნობად! ვფიქრობ, ავტორისადმი ჩემი სიმპათია უმეტესწილად პერსონაჟის ამ თვისებით არის განპირობებული. ის, რომ მან შეძლო სიყვარულის მოპოვების იმედით უარი ეთქვა დუნე სიცოცხლის გახანგრძლივებაზე და დაუფარავად დაიწყო ბედნიერების ძებნა მთებში, ნამდვილად იყო მისი მხრიდან მადლიერების უპირობო შეთვლა სამყაროსადმი!
კადარე არა მარტო ამხელს ალბანული კანუნის დემონურ სახეს და გვავსებს იქამდე ნაკლებ ცნობილი ინფორმაციით, არამედ, კიდევ ერთხელ გვაფიქრებს იმაზე, არის თუ არა ყველა განათლებული ადამიანის მთავარი ღიბერულება ლიბერალიზმისა და ტოლერანტობისაკენ სწრაფვა? ალბანელმა მწერალმა ბრწყინვალედ მოახერხა ადამიანის დამახასიათებელი ბუნების განათლებასთან ურთიერთობის თავისებურებების ხატოვნად წარმოდგენა და ნაწარმოებში გენიალურად შემოიყვანა ბესიან ვორფეს პერსონაჟი, რომლის საშუალებითაც დამაჯერებლად შეგვახსენა, რომ შეუძლებელია ყველა განათლებული ადამიანის შემოქმედება კეთილშობილურ მიზნებს ემსახურებოდეს. პატარა სენსაცია - ასე მოიხსენიებს ავტორი ახალგაზრდა მწერალს, რომელმაც თაფლობის თვის გატარება აჩრდილებით სავსე სამყაროში გადაწყვიტა. ტირანიდან ჩასული წარჩინებული წყვილის ცხოვრებაში ზეგანის ეპოპეათა სამყაროში შებიჯების პირველივე წამიდან რაღაც შეიცვალა, ხოლო ამ ცვლილების სახელდება მხოლოდ დრომ შეეძლო!
მწერალი, რომელიც განსაკუთრებულ ნიჭად ცხოვრების დღეების სიკვდილის სახაზავით გაზომვასა და ყველაზე დიდ მონუმენტურ კონსტრუქციად სისხლისმღვრელ ტრადიციებს მიიჩნევს, რომლითაც საზოგადოებამ უნდა იამაყოს, ეჭვი მაქვს, მის ორაზროვან, ნახევრად ტრაგიკიულ-ფილოსოფიურ მოთხრობებში ვერაფერს დაწერდა ისეთს, რაც იქ მცხოვრებ ხალხს მენტალური გალიიდან გამოსვლაში დაეხმარებოდა! ბესიან არა მარტო თანამედროვე განათლებული მწერლის ნიღაბს ამოფარებული ძველი ტრადიციების მოტრფიალი კაცი იყო, არამედ საშინლად ეგოცენტრული ადამიანიც გამოდგა, რომელმაც საყვარელი ქალი ზეგანის დრამისთვის მარტო იმიტომ გაიმეტა, რომ კანუნის ძველი ,,სიდიადე“ საკუთარ ცნობიერებაში ცოცხალი მაგალითებით გადაემოწმებინა.
არასწორად გაგებული ქორწინება, ქორწინება როგორც მეორე ადამიანის შენს საკუთრებაში ყოფნის მტკიცებულება! ის ფაქტი რომ ბესიანს აზრადაც არ მოსვლია ცოლისთვის ეკითხა, უნდოდა თუ არა მის ცხოვრების ყველაზე ლამაზი წუთების ცივ პლატოზე ალპების მოცისფრო შეფერილობაში გაეტარებინა, ნათლად ჩანს დიანას დაბნეულ ფიქრებში, როდესაც აქტიურად ცდილობდა ქმრის განზრახვაში გარკვეულიყო.
,,ან მე სადღა მოვდიოდი მარტოდმარტო ამ უცხო ზეგანზე, აჩრდილებით სავსე წყვდიადში?“ ამ შეკითხვის დასმა ბესიანის მხრიდან უკვე ძალიან დაგვიანებული იყო, რადგან დიანას სულ ოდნავ შეხება აღმოჩნდა საკმარისი ზეგანის დრამასთან, რომ უკან ცოლის ფიტულთან ერთად გაბრუნებულიყო. იქნებ ცოლის დაკარგვა ხარკი იყო ფერიებისა და ნიმფებისთვის, რომელთაც თავის ნამუშევრებში აღწერდა, ან კიდე იმ სისხლიანი სანახაობისთვის, რომელსაც ლოჟიდან უდარდელად ადევნებდა თვალს?! რთულად სანახავი სისხლიანი პიესის ლოჟიდან მარტივად ყურება მუდმივად ვის გამოსვლია?! დიანა ბესიანისგან გასხვავებით მგრძნობიარე სტერეოტიპული აზროვნებისგან განთავისუფლებული ადამიანი იყო და ბუნებრივია, ვერ გაუძლებდა აბსურდული მიზეზების გამო ახალგაზრდა ადამიანის სიკვდილის დრამას! ის რომ ჯორჯის დანახვა იმ ფარის დაკარგვას უდრიდა, რომელიც გათხოვილ ქალს სხვა კაცის მიმართ გრძნობების გაჩენისაგან იცავდა, პირველ რიგში, დიანას მხრიდან ახალგაზრდა კაცის მიმართ იყო იმედის მიმცემი თანაგანცდისა და დაუფარავი სიყვარულის უდიდესი განაცხადი, რომლის საშუალებითაც არაცნობიერად, თუმცა ბესიანს ვორფს ყველა გულგრილი ქცევისთვის სათანადო პასუხი გასცა!
თუ ზეგანზე უჩვეულო რამ მოხდებოდა და მას პრეცენდენტი არ ჰქონდა , მაშინ უხუცესები კანუნის ექსპერტს ალი ბინაკს დაუძახებდნენ და ისიც შექმნილ ვითარებას მალევე მოჰფენდა ნათელს... ექსპერტს ვერცერთი საქმე აბნევდა: კანონის გამარჯვებისთვის თუ საჭირო გახდებოდა, ქმარს გაუპატიურებული ქალის ღირსების აღსადგენად ეჭვმიტანილის ცოლთან კავშირის დამყარებასაც მოსთხოვდა და ამით გაუმრთელებდა ღირსებას... მოხეტიალე ექსპერტის გარდა, ნაწარმოებში ვხვდებით ვორფების ციხესიმაგრეში მცხოვრებ პრინცს- მარკ უკაციერას, რომელიც სისხლის ბეგარას განაგებდა. მთიელს არა მარტო სამართალი უნდა აღედგინა მეორე ადამიანის სისხლისღვრით, არამედ მკვლელობის შემდეგ დაუყოვნებლივ ვორფების ციხესიმაგრეში უნდა წასულიყო და სისხლის ბეგარა გადაეხადა. პრინცს იმ დღის წარმოდგენაც კი შიშის ზარს სცემდა, რომელსაც შეიძლებოდა მკლელობის გარეშე ჩაევლო და ეს სრულიად შესაძლებელი იქნებოდა, რომ არა ჩვიდმეტი თებერვალი, ზეფ კრიუეჩუჩას მკვლელობის დღე და ახალგაზრდა ჯორჯის განაჩენი. რა იყო ეს, ტრადიციების ბრმად რწმენა თუ მითიურ ამბებს ამოფარებული სისხლის კომერცია?!.. აქ ასევე შევხვდებით ისეთ ადამიანსაც, ვინც კანუნის საშინელ წესებს არა მარტო დაემორჩილა, არამედ კარგ შემოსავალის წყაროდაც აქცია, სადაც ოროშის ციხე-სიმაგრის მესაჭეობა არ იყო საჭირო, რადგან გულმოდგინე ვარჯიშის შედეგად, მრავალჯერ სასიკვდილოდ აცდენილი ტყვიის მეშვეობით, საკუთარი თავის მატერიალურად უზრუნველყოფა ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშეც ბევრად მარტივად გამოუვიდა.
ეჭვი მაქვს, კადარემ ბრიტანელი მწერლის აზრი ადამიანების ქვეცნობიერში ცივილურობის მიღმა მიმალული ურჩხულის არსებობის თაობაზე გაიზიარა და კიდევ ერთხელ დაგვაეჭვა კაცობრიობის ევოლუციის სინამდვილეში. თუ გოლდინგის ,,ბუზთა ბატონში“ მორალისა და უზნეობის შეჯახებასთან გვაქვს საქმე, კადარეს შემთხვევაში ეს უზნეობა მაღალი მორალის სახელით არის სიმბოლიზირებული! გოლდინგის პერსონაჟს საიმონს, სხვა თუ არაფერი, მოეჩვენა მაინც, რომ ის ურჩხული, რომელსაც დიდი ხნის მანძილზე გაურბოდა - თავად მასში იყო, ხოლო მთიელთა რეალობაში გარდა ჯორჯისა არცერთი ადამიანი აღმოჩნდა საიმისოდ ადამიანური, ვინც კაცთა უემოციოდ კვლას ურჩხულის ქცევას გაუტოლებდა!
კანუნის ძველი წესების მსგავსად, ძალიან აბსურდულად მეჩვენება, ჩვენს საუკუნეში არსებობდეს გეოგრაფიული ადგილი, ერთდროულად თანამედროვე ევროპულის სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილიც და სახელმწიფო ორგანოების უარმყოფელიც!
,,გახლეჩილი აპრილი“ პირველი წიგნია, რომელიც მწერლის შემოქმედებიდან წავიკითხე და საკმარისი გამოდგა ავტორი შემყვარებოდა. სიკვდილის სიახლოვე კიდევ უფრო სასურველს რომ გახდის საყვარელ ქალთან შეხვედრას, აი, ეს არის ისმაილ კადარეს მთელი სამწერლო ოსტატობა! რადგან ყველა მწერალს ასე მარტივად როდი გამოსდის ტრაგიკული ისტორიის ისე გადმოცემა, რომ მძიმე ვითარებაში ჩავარდნილი ადამიანის მიმართ არა თუ სიბრალულის გრძნობა გაგიჩინოს მკითხველს, არამედ მოცემული ტრაგედია უდიდეს ძალად აღგაქმევინოს! ჩემი აზრით, სიბრალული ყველაზე ცუდი სამსახურია, რაც კი წაქცეულს შეიძლება გაუწიოს მეორე ადამიანმა! ყველა ადამიანს აქვს შინაგანი პოტენციალი- სანამ ცოცხალია, არავის ებრალებოდეს! თუ დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ სიბრალულიც აგრესიის ფარული გამოხატულებაა, სადაც ვიღაცეებზე უკეთესები გამოვდივართ!..
ეს არის ნაწარმოები, ცარიელი იდეოლოგიით განპირობებულ გონებაზე! ადამიანი, რომელიც არ აზროვნებს, არ ფიქრობს და არ იძლევა შეკითხვებს, შეიძლება დაემართოს ისეთი გაურკვევლობა, რომელიც ამ წიგნში ტრადიციების ბრმა მორჩილებით გამოიხატა! რაც უფრო მოქცეულია ადამიანი რომელიმე იდეოლოგიაში, მით უფრო საშიში და უმართავი ხდება თავისუფალი აზროვნებისთვის, ვინაიდან ნებისმიერი იდეოლოგია ადამიანის განვითარებასა და შინაგანი ენერგის ექსტრენალიზაციას უარყოფს, რაც იგივეა, გალიაში მოქცეული მხეცისგან კეთილშობილურ ქცევასაც ელოდე!
,,ცხოვრება, სადაც „მე“ არ ვარ ცარიელი იდეოლოგიაა.“
ადამიანმა, იდეოლოგიამ, გარემომ, გეოგრაფიულმა სივრცემ თუ მატერიალურმა სარგებელმა არ უნდა მოგიცვას ისე, რომ ცხოვრება მთავარი კითხვის გაჩენის გარეშე განვლო - ,,სად ვარ მე?“
რატომ გვჭირდება ადამიანებს მაინცდამაინც მაღალ მატერიაში, ან იდეოლოგიაში ნაპოვნი ცხოვრების არსი?!.. კითხვა, რომელიც ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ მკითხველის გონებაში იბადება.
და ბოლოს, ჩემი სათქმელიც იგივე იქნება, რაც რუსომ საუკუნეების წინ თქვა: ,,ადამიანები იყავით ადამიანურნი, ეს თქვენი პირველი მოვალეობაა!"
0